Tags

, , , ,

“რომელ ქართველს ახსოვს ერთი იმ დროინდელი სალაპარაკო ენა როგორი ფორმის იყო?!’’ 


11046864_941543049211853_3601050772901290480_n

2014 წელს, ტელეკომპანია “GDS’’-ის ეთერში, ახალი ქართული სერიალი სახელად- “ტიფლისი’’ გამოჩნდა. სერიალი მე-19 საუკუნის თბილისის ცხოვრებას გვიჩვენებს. სერიალის რეჟისორები ლევან დაბრუნდაშვილი და ნოდარ მარშანიშვილი არიან.

ინტერვიუ სერიალ ‘’ტიფლისის’’ რეჟისორ, ლევან დაბრუნდაშვილთან:

როგორ გაჩნდა სერიალ ‘’ტიფლისის’’ გადაღების იდეა?

თავიდან ვფიქრობდით,რომ ფილმი გადაგვეღო,თუმცა შემდეგ სერიალად გადავაკეთეთ.

ფილმი მე-19 საუკუნის თბილისის ცხოვრებას გვიჩვენებს. რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც მე-19 საუკუნე?

 რავიცი, საინტერესოა და იმიტომ. რატომ მაგალითად მომავლის საქართველო არ ავირჩიე არა?! ჩემი აზრით, მე-19 საუკუნე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპოქაა საქართველოსი და ჩემი გადაწყვეტილებაც სწორედ ამას ეფუძნება. საინტერესოა ყველაფრით: კულტურული განვითარებით, ადამიანების მრავალფეროვნებით, ასევე მაგ პერიოდში ბევრი ერი ცხოვრობდა საქართველოში და რავიცი ბევრი დეტალია საინტერესო.


როგორც უკვე ვთქვით, სერიალი მე-19 საუკუნის თბილისის ცხოვრებას და ეპოქას გვიჩვენებს. იმ პერიოდში რუსული წარწერები თითქმის ყველა დაწესებულებაზე იყო. თუ ამ ეპოქას მთლიანად აჩვენებთ, რატომ არ ჩანს ფილმში ეს დეტალი?

შეგნებულად. ეს არ არის ისტორიული ფილმი. ეს ჩემი პირადი შექმნილი სამყაროა და შესაბამისად, სურვილიც არ მქონია, რომ რუსული წარწერა ყოფილიყო და მაგას თავისებური დატვირთვა აქვს. ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, სამწუხარო რეალობას ავცდი. ფილმში ჩემ მიერ შექმნილი ალტერნატიული თბილისის ისტორიაა.

 სოციალურ ქსელში ბევრი კრიტიკა წავიკითხე იმ ფაქტთან დაკავშირებით,რომ სერიალში პერსონაჟები თანამედროვე ქართულით საუბრობენ.ამბობენ, ფილმი მე-19 საუკუნეს ასახავს და თანამედროვე ქართული ენა ეპოქას არ შეესაბამებაო. ამ გადაწყვეტილებას რითი ახსნით?

რომელ ქართველს ახსოვს ერთი იმ დროინდელი სალაპარაკო ენა როგორი ფორმის იყო?! ის ხალხი,რომელიც  მაგ კუთხით აკრიტიკებს ‘’ტიფლისს’’, მე პირადად მაგ შენიშვნას არ მივიღებ იმიტომ, რომ კინემატოგრაფია ღირებული პრაქტიკაა ჩემთვის და შეგვიძლია  ნებისმიერი უცხოური ისტორიული ფილმი ავიღოთ, სადაც იმ ეპოქის სალაპარაკო ენა საერთოდ არაა გამოყენებული. ერთ კითხვას დავუსვამ მათ,ვინც ამას აკრიტიკებს: ფილმ გლადიატორში ძველი რომაული ენით ლაპარაკობენ?!

11045365_941542849211873_2381240440644144384_n


სერიალის პერსონაჟები გამოგონილია, თუ მათ უკან ისტორიული პიროვნებები იგულისხმებიან?

კინოში თუ თეატრში და საერთოდ ამ სფეროში, ადამიანის ახალ სახეს ვერ შექმნი. არამარტო “ტიფლისში’’, არამედ ზოგადად კინემატოგრაფიაში, ყველა პერსონაჟის უკან რომელიმე არსებული ადამიანის ჩრდილი დგას. ‘’ტიფლისშიც’’ ასეა. მაგალითად ლუკას არსებული პერსონაჟი მართლაც ერთ ადამიანს შეესაბამება. ეს იყო კახაბერ მაისურაძე, ერთ-ერთი გადარჩენილი  ყაჩაღი, რომელიც საფრანგეთში იყო გაქცეული.


ამა თუ იმ როლისთვის, მსახიობები რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?

ზოგი ჩემი მეგობარია,რომლებთან ერთადაც ბევრი საქმე გამიკეთებია და ბევრი პროდუქტი შემიქმნია. ნაწილი ნიჭით, კასტინგის ხარჯზე და ა.შ.

 სად იღებთ ხოლმე სერიებს?

სერიებს თბილისის ტერიტორიებზე ვიღებთ. მთავარი ლოკაცია, სადაც დეკორაციული შენობები ავაშენეთ,  საპატრიარქოს ტყეა. საპატრიარქო მეგობრულად დაგვეხმარა რაღაც პერიოდის განმავლობაში. ტყე რუსთავის გზატკეცილზეა.

11026097_941542752545216_3906250506706552148_n
ერთი სერიის გადაღებას რამდენი ხანი სჭირდება

მაქსიმუმ 2 კვირა.

გადაღების პროცესში ყველაზე დიდ სირთულეს რა წარმოადგენს?

ყველაზე დიდი სირთულე ლოკაციების მოძებნაა. ეს ძალიან გვიჭირს იმიტომ,რომ თბილისს ძალიან აქვს დაკარგული  ძველი იერსახე და თანამედროვე დეტალები, რომლებიც იმ პერიოდში არ არსებობდა, ხელს გვიშლის. ასევე, სირთულეს წარმოადგენს მსახიობების ნაკლებობა, რადგან სამწუხაროდ, ქვეყანაში დიდი არჩევანი არ გვაქვს. თუმცა მე იმედი მაქვს,რომ ეს სფერო განვითარდება და ახალი თაობა წამოვა,რომელთანაც ეს პრობლემა აღარ იქნება.

 ხარჯებს ვინ აფინანსებს?

ტელეკომპანია ‘’GDS’’ რა თქმა უნდა.

მეორე სეზონი როდის გავა ტელეეთერში?

სექტემბერში, რადგან სერიების გადაღება ახლაც მიმდინარეობს.

სულ რამდენი სეზონი იქნება სერიალ ‘’ტიფლისში’’?

სულ ორი სეზონი იქნება. როგორც იცით, პირველ სეზონში 7 სერია იყო,ხოლო მეორე სეზონში 8 სერია იქნება.

რა ცვლილებები და სიახლეები იქნება მეორე სეზონში? რას შესთავაზებთ მეორე სეზონში მაყურებელს?

მეორე სეზონში ახალი მსახიობები და პერსონაჟები იქნებიან,თუმცა მათ, რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ. სამომავლო გეგმები გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი. მაყურებელს ძალიან ბევრ საინტერესო ქართულ სერიალს შევთავაზებთ. ასევე, ბევრი საინტერესო პროექტი იქნება, რომლებსაც მალე ეკრანზე იხილავთ.

ჟურნალისტი: ნატა ხინთიბიძე

Netepress